ხშირად დასმული კითხვები / FAQ
როგორ დავარეგისტრირო კომპანია საქართველოში და რომელი სამართლებრივი ფორმა ავირჩიო?
კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში სწრაფი და შედარებით მარტივი პროცედურაა, თუმცა წარმატებული ბიზნესი მხოლოდ რეგისტრაციით არ იწყება. საქმიანობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ კომპანიის სამართლებრივი ფორმა, განსაზღვროთ მფლობელებსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებები, მოამზადოთ წესდება და თავიდანვე შექმნათ ისეთი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მომავალში ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორად მიღებული გადაწყვეტილებები თავიდან აგაცილებთ დამატებით ხარჯებს და სამართლებრივ რისკებს მომავალში.
რატომ არ არის კომპანიის რეგისტრაცია საკმარისი წარმატებული ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად?
კომპანიის რეგისტრაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია. პრაქტიკაში ბევრი პრობლემა წარმოიშობა არა რეგისტრაციის, არამედ არასწორად შედგენილი დოკუმენტების, პარტნიორებს შორის გაურკვეველი შეთანხმებების, შიდა წესების არარსებობის ან რეგულაციებთან შეუსაბამობის გამო. ბიზნესის საწყის ეტაპზე სწორად დაგეგმილი სამართლებრივი ჩარჩო მნიშვნელოვნად ამცირებს მომავალში დავების, ფინანსური დანაკარგებისა და საქმიანობის შეფერხების რისკს.
როდის არის რეკომენდებული იურისტის ჩართვა ბიზნესის დაწყებისას?
ახალი ბიზნეს საქმიანობის დაწყებამდე ან/და არსებული საქმიანობის ცვლილების შემთხვევაში, იურისტის ჩართვა სასურველია მანამ, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებთ. პარტნიორობის პირობების შეთანხმება, ინვესტორის შემოსვლა, პირველი თანამშრომლების აყვანა, ოფისის იჯარა თუ ძირითადი კომერციული ხელშეკრულებების გაფორმება სწორედ ის ეტაპებია, რომლის დროსაც პროფესიონალი იურიდიული მრჩევლის ჩართვა მომავალში მრავალი პრობლემის თავიდან აცილებში დაგეხმარებათ.
როგორ შევარჩიო პარტნიორი და რა უნდა გავითვალისწინო ბიზნესის ერთად დაწყებისას?
ბიზნესში პარტნიორობის წარმატება მხოლოდ ნდობაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. საქმიანობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია წერილობით განისაზღვროს თითოეული პარტნიორის უფლება-მოვალეობები, წილების განაწილება, გადაწყვეტილებების მიღების წესი, მოგების განაწილება და პარტნიორის გასვლის პირობები. წინასწარ შეთანხმებული წესები მომავალში ამცირებს გაუგებრობებს და ბიზნეს დავების ალბათობას და ქმნის სტაბილური და წარმატებული თანამშრომლობის საფუძველს.
რა განსხვავებაა ინდივიდუალურ მეწარმესა და შპს-ს შორის და რომელია ჩემთვის სწორი არჩევანი?
ინდივიდუალური მეწარმე უფრო მარტივი და სწრაფი გადაწყვეტილებაა მცირე ბიზნესისთვის, თუმცა პირადი ქონებით აგებთ პასუხს ვალდებულებებზე. შპს კი გამოყოფს თქვენს პირად ქონებას კომპანიის ვალდებულებებისგან და უფრო მეტ ნდობას იწვევს პარტნიორებსა და ინვესტორებში. სწორი არჩევანი დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის მასშტაბზე, რისკებსა და სამომავლო გეგმებზე. ჩვენი იურისტები გაგიწევენ, ინდივიდუალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან ოპტიმალური სამართლებრივი ფორმის შერჩევაში.
რამდენი დრო სჭირდება კომპანიის რეგისტრაციას საქართველოში?
სტანდარტული რეგისტრაცია, სათანადოდ მომზადებული დოკუმენტაციით, შესაძლებელია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დასრულდეს. თუმცა, რეალურ პრაქტიკაში ხშირად პრობლემები სწორედ დოკუმენტების არასწორი მომზადებიდან წარმოიქმნება, რაც პროცესს აჭიანურებს. ჩვენი კვალიფიციური იურისტები ურუნველყოფენ დოკუმენტაციის გამართულად მომზადებას და რეგისტრაციის პროცესის სრულ მართვას რათა თავიდან აირიდოთ შეფერხებები.
რა არის საჭირო რომ უცხოელმა ინვესტორმა საქართველოში ბიზნესი დააფუძნოს?
საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს თანაბარ პირობებს და სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს უქმნის. საჭიროა მხოლოდ კომპანიის რეგისტრაცია, იურიდიული მისამართი და სათანადო სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურადაც, წარმომადგენლის მეშვეობით. ჩვენი კვალიფიციური იურისტების გუნდი უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორებისთვის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას საქართველოში იურიდიული პირის დაფუძნების და სამიანობის დაწყვების მიზნებისთვის.
საჭიროა თუ არა კომპანიის წესდების განახლება, თუ ბიზნესის სტრუქტურა შეიცვალა?
დიახ - პარტნიორის შეცვლისას, წილების გადანაწილებისას ან მმართველობის სტრუქტურის ცვლილებისას წესდება უნდა განახლდეს და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს. განახლების გარეშე არსებული წესდება შესაძლოა რეალურ მდგომარეობას ვეღარ ასახავდეს, რაც სამართლებრივ გაურკვევლობას და პოტენციურ სამართლებრივ რისკებს წარმოშობს. ჩენი გუნდი უზრუნველყოფს კორპორაციული თვენი კომპანიის კორპორაციული დოკუმენტაციის დროულ და გამართულ განახლებას.
რა პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს კომპანიის მართვისას?
დირექტორი ვალდებულია იმოქმედოს კომპანიის და მისი პარტნიორების ინტერესების შესაბამისად კეთილსინდისიერად და გონივრულად. არასათანადო მართვის შემთხვევაში დირექტორს შეიძლება დაეკისროს პირადი პასუხისმგებლობა მიყენებულ ზიანზე. ჩვენ გაგიწევთ სრულფასოვან და ამომწურავ იურიდიულ მომსახურებას, კორპორაციული მმართველობის საკითხებზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ეს რისკები.
რამდენად მნიშვნელოვანია ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება ჩემი საქმიანობისთვის?
გარკვეული საქმიანობები, ფინანსური მომსახურებიდან მშენებლობამდე, საქართველოში მოითხოვს სპეციალურ ლიცენზიას ან ნებართვას, რომლის გარეშე საქმიანობა კანონსაწინააღმდეგოდ ითვლება და სანქციებს იწვევს. ბევრი მეწარმე ამ მოთხოვნებზე ბიზნესის წამოწყების შემდეგ იგებს, რაც ძვირი უჯდება. ჩვენ წინასწარ ვაფასებთ თქვენი საქმიანობისთვის საჭირო რეგულატორულ მოთხოვნებს და გეხმარებათ შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
რა უნდა გადავამოწმო საქართველოში ბინის ან კომერციული უძრავი ქონების შეძენამდე?
უძრავი ქონების შეძენამდე მნიშვნელოვანია გადაამოწმოთ არა მხოლოდ საკუთრების უფლება, არამედ ქონების სამართლებრივი სტატუსი, შესაძლო იპოთეკა, ყადაღა, სარგებლობის უფლება, სასამართლო დავები, სამშენებლო დოკუმენტაცია და სხვა გარემოებები, რომლებმაც მომავალში შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს უფლებებზე და ქონებრივ ინტერესებზე. დაგეგმილი ინვესტიციის წინასწარი სამართლებრივი შემოწმება (Legal Due Diligence) მნიშვნელოვნად ამცირებს სამართლებრივ რისკებს და გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება.
აუცილებელია თუ არა იურისტის ჩართვა უძრავი ქონების შეძენისას?
იურისტის მონაწილეობა კანონით ყოველთვის სავალდებულო არ არის, თუმცა პრაქტიკაში ის მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომების და არასასურველი შედეგების რისკს. იურისტი ამოწმებს დოკუმენტაციას, აფასებს გარიგების პირობებს, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს მოლაპარაკებებში და უზრუნველყოფს, რომ ხელშეკრულება სრულად იცავდეს თქვენს ინტერესებს როგორც გარიგების დადების დროს ასევე, შესაძლო დავის შემთხვევაშიც.
როგორ დავიცვა ჩემი ინტერესები უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას?
ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ გარიგებაზე და არა სტანდარტული ფორმის დოკუმენტი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადახდის პირობებს, საკუთრების გადაცემის წესს, ვადებს, პასუხისმგებლობას და გარიგების შეწყვეტის მექანიზმებს. სწორად მომზადებული ხელშეკრულება იცავს თქვენს უფლებებს და ქონებრივ ინტერესებს და ამცირებს მომავალში დავის წარმოშობის ალბათობას, ხოლო თუ დავა მაინც წარმოიშობა, მნიშვნელოვნად ზრდის მისი თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტის შესაძლებლობას.
როგორ შევამოწმო დეველოპერი ახალაშენებული ბინის შეძენამდე?
უძრავ ქონებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელების წინ და ახალი ბინის შეძენისას აუცილებელია შეფასდეს არა მხოლოდ პროექტი, არამედ დეველოპერის რეპუტაცია, მიწის სამართლებრივი სტატუსი, მშენებლობის ნებართვები, პროექტის ფინანსური მდგრადობა და ხელშეკრულების პირობები. ასეთი წინასწარი შეფასება გეხმარებათ უკეთ დაიცვათ თქვენი ინვესტიცია და თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი სირთულეები.
შეუძლიათ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა?
საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უმეტეს შემთხვევაში აძლევს უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას, თუმცა გარკვეული შეზღუდვები არსებობს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. გარიგების დაწყებამდე მნიშვნელოვანია გადაამოწმოთ კონკრეტულ ქონებაზე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი და დაგეგმოთ შესყიდვის ოპტიმალური სტრუქტურა.
რა საბუთებია საჭირო საქართველოში უძრავი ქონების ნასყიდობის გასაფორმებლად?
ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა მხარეთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ქონების სამართლებრივი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ქონება დატვირთვისგან თავისუფალია. ხელშეკრულება ნოტარიულად მოწმდება და დაუყოვნებლივ რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
როგორ შევამოწმო, რომ ჩემს მიერ შესაძენი ქონება დატვირთვისგან თავისუფალია?
საჯარო რეესტრის ამონაწერი აჩვენებს, რეგისტრირებულია თუ არა ქონებაზე იპოთეკა, საყადაღო ან სხვა შემზღუდველი უფლება. თუმცა, ზოგიერთი რისკი, როგორიცაა მემკვიდრეობითი დავა ან წარსულში არასწორად გაფორმებული გარიგება, ამონაწერში პირდაპირ არ ჩანს და მოითხოვს დამატებით სამართლებრივ შემოწმებას. ჩვენი გუნდი, ატარებს უძრავი ქონების სრულყოფილ იურიდიულ შემოწმებას, რათა გარიგებამდე გამოვლინდეს ნებისმიერი დაფარული რისკი.
შემიძლია თუ არა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საქართველოში მიწის ნაკვეთის შეძენა?
საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და უცხოურ იურიდიულ პირებზე ვრცელდება გარკვეული შეზღუდვები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვაზე, თუმცა საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების უძრავი ქონების შეძენა, როგორც წესი, შეუზღუდავად შესაძლებელია უცხოელებისთვისაც. კონკრეტული შემთხვევის შესაბამისობა კანონმდებლობასთან წინასწარი შემოწმების საგანია.
რა რისკები ახლავს, თუ მშენებარე ბინას წინასწარი გადახდით ვყიდულობ?
დეველოპერისგან მშენებლობის ფაზაში ბინის შეძენისას მთავარი რისკია მშენებლობის შეჩერება, ვადების დარღვევა ან საბოლოო ნასყიდობის საგნის ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობა. ამ რისკების შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინარე ნასყიდობის ან ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების და მათი დანართების სიღრმისეული შესწავლა და თქვენს ქონებრივ ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანა.
საინვესტიციო მიზნით შესაძენი კომერციული ფართის შემთხვევაში რა სამართლებრივი ასპექტები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას?
საინვესტიციო ქონების შეძენის შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ნასყიდობის საგნის მახასიათებლები, არამედ გრძელვადიანი იჯარის და შემოსავლის მიღების პოტენციალი, ზონირების შეზღუდვები და საგადასახადო ვალდებულებები გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალზე. სწორად სტრუქტურირებულმა გარიგებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი ინვესტიციის მომგებიანობა. ჩვენ გაგიწევთ, კომპლექსურ სამართლებრივ და საგადასახადო მომსახურებას, რათა თქვენი საინვესტიციო გადაწყვეტილება იყოს ინფორმირებული და დაცული.
როგორ შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება ინვესტიციის საფუძველზე?
საქართველოში უძრავი ქონების შეძენა და ამ გზით ინვესტიციის განხორციელება გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გახდეს ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი, თუმცა მოთხოვნები დამოკიდებულია კონკრეტული ინვესტიციის სახეზე და მოქმედ კანონმდებლობაზე. პროცესის სწორად დაგეგმვა და დოკუმენტაციის მომზადება მნიშვნელოვნად ზრდის განაცხადის წარმატებით დასრულების შესაძლებლობას.
რა დოკუმენტებია საჭირო საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად?
საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი დამოკიდებულია ბინადრობის ნებართვის კონკრეტულ საფუძველზე. როგორც წესი, საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, განაცხადი და შესაბამისი მტკიცებულებები იმ გარემოების შესახებ, რომლის საფუძველზეც ითხოვთ ნებართვას. წინასწარი სამართლებრივი კონსულტაცია დაგეხმარებათ პროცესი სწრაფად და სრულყოფილად დაგეგმოთ, საურველი შედეგის მისაღწევად.
შეუძლია თუ არა უცხოელ ინვესტორს საქართველოში ბიზნესის გახსნა და ბინადრობის მიღება?
დიახ, საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ ინვესტორებს ბიზნეს საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ბინადრობის ნებართვა ავტომატურად არ გაიცემა. თითოეული შემთხვევა ფასდება კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ამიტომ მნიშვნელოვანია ბიზნესის და საიმიგრაციო საკითხების ერთიანი დაგეგმვა და მართვა გამოცდილ იურიდიულ მრჩეველთან ერთად.
შემიძლია თუ არა საქართველოში უძრავი ქონების შეძენით ბინადრობის ნებართვის მოპოვება?
დიახ, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს უძრავი ქონების კანონით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ღირებულების შესყიდვის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, რომელიც ვრცელდება მეუღლესა და შვილებზეც. ღირებულების ზღვარი და ნებართვის ტიპი (მოკლევადიანი თუ საინვესტიციო) დამოკიდებულია ქონების საერთო ღირებულებაზე.
რა განსხვავებაა საინვესტიციო ბინადრობასა და მუდმივ ბინადრობას შორის?
საინვესტიციო ბინადრობა გაიცემა კანონით განსაზღვრული მინიმალური ინვესტიციის (ბიზნესში, უძრავ ქონებაში ან პრიორიტეტულ დარგში) განხორციელების საფუძველზე და თავდაპირველად დროებითია, ყოველწლიური განახლებით. გარკვეული ვადის განმავლობაში ინვესტიციის შენარჩუნებისა და აქტიური ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში შესაძლებელია მუდმივი ბინადრობის სტატუსზე გადასვლა, რომელიც გრძელვადიან და სტაბილურ უფლებებს იძლევა, საქართველოში ცხოვრებასა და საქმიანობასთან დაკავშირებით.
რა საბუთები მჭირდება ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შესატანად და რამდენ ხანში გაიცემა იგი?
საჭირო დოკუმენტაცია მოიცავს განაცხადს, საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს, ფინანსური მდგრადობის ან ინვესტიციის დამადასტურებელ საბუთებს და, საჭიროების შემთხვევაში, ჯანმრთელობის ცნობას. განხილვის ვადა დამოკიდებულია არჩეულ მომსახურების კატეგორიასა და გადახდილ საფასურზე. დაჩქარებული პროცედურით განაცხადის განხილვის ვადა შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს. ჩვენი გუნდი ამზადებს დოკუმენტაციის სრულ პაკეტს და უზრუნველყოფს განაცხადის ხარვეზის გარეშე წარდგენას, რაც ამცირებს უარის ან დაყოვნების რისკს.
როგორ შევარჩიო ჩემი ბიზნესისთვის ყველაზე ოპტიმალური საგადასახადო რეჟიმი?
თქვენი ბიზნესის სამართლებრივი ფორმის და საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმი. მათი სწორად შერჩევა გავლენას ახდენს როგორც კომპანიის ხარჯებზე, ისე მომავალ განვითარებაზე. გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდებულია შეფასდეს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ გრძელვადიანი ბიზნეს გეგმებიც და ამის მიხედვით დაიგეგმოს ბიზნესისთვის ყველაზე ოპტიმალური საგადასახადო მოდელი.
როდის არის რეკომენდებული საგადასახადო იურისტის ჩართვა?
საგადასახადო საკითხებზე პროფესიული მხარდაჭერა სასურველია არა მხოლოდ შემოწმების ან დავის დროს.
ახალი ბიზნესის დაწყება, რეორგანიზაცია, მნიშვნელოვანი გარიგებები, საერთაშორისო ტრანზაქციები და კომპანიის სტრუქტურული ცვლილებები სწორედ ის შემთხვევებია, როდესაც წინასწარი სამართლებრივი და საგადასახადო შეფასება დაგეხმარებათ სამართლებრივი და საგადასახადო საკითხების სწორად და ეფექტიანად დაგეგმვაში და განხორციელებაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტული საგადასახადო საკითხები ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს.
რა არის „მცირე ბიზნესის სტატუსი“ და ვის შეუძლია მისით სარგებლობა?
მცირე ბიზნესის სტატუსი არის საგადასახადო შეღავათიანი რეჟიმი ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომელიც სტანდარტული საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად მნიშვნელოვნად დაბალ განაკვეთს ითვალისწინებს, განსაზღვრულ ბრუნვის ფარგლებში. თუმცა ყველა საქმიანობა არ ექვემდებარება ამ რეჟიმს, გარკვეული საქმიანობები კანონმდებლობით პირდაპირ არის გამორიცხული. შეცდომით ამორჩეულმა საქმიანობის ფორმამ შესაძლოა სტატუსის გაუქმება და რეტროსპექტიული ჯარიმები გამოიწვიოს, ამიტომ რეკომენდებულია წინასწარი იურიდიული შეფასება.
საჭიროა თუ არა ჩემი კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია?
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია სავალდებულო ხდება მაშინ, როცა თქვენი ბიზნესის წლიური ბრუნვა გადააჭარბებს კანონით დადგენილ ზღვარს. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში ნებაყოფლობითი რეგისტრაციაც შეიძლება სტრატეგიულად მომგებიანი იყოს, განსაკუთრებით თუ თქვენი კონტრაგენტები დღგ-ის გადამხდელები არიან. ჩვენ გაგიწევთ იურიდიულ და ბიზნეს კონსულტაციას, რათა თქვენი საგადასახადო სტრატეგია ბიზნესის რეალურ საჭიროებებს და სამომავლო გეგმებს მოერგოს.
რა არის ვირტუალური ზონის ან საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და მაძლევს თუ არა საგადასახადო შეღავათებს?
ეს სპეციალური სტატუსები შექმნილია IT და მაღალტექნოლოგიური სექტორის კომპანიებისთვის და გულისხმობს მნიშვნელოვნად შემცირებულ საგადასახადო ტვირთს საშემოსავლო გადასახადზე და მოგების და დივიდენდების განაწილებაზე. სტატუსის მისაღებად აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რის გადამოწმებაც წინასწარ უნდა მოხდეს. ჩვენ გუნდი სრულად დაგიგეგმავთ და უზრუნველყოფს რომელიმე ზემოთ აღნიშნული სტატუსის მიღების პროცედურას და მიღებას.
რა ვალდებულებები მაკისრია, თუ ჩემი კომპანია უცხოური წყაროდან იღებს შემოსავალს?
უცხოური წყაროდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დეკლარირებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კონკრეტული საგადასახადო ტვირთი დამოკიდებულია თქვენი კომპანიის სტატუსზე (სტანდარტული, საერთაშორისო კომპანია, ვირტუალური ზონა და ა.შ.) და შემოსავლის წყაროზე. გადასახადების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება შესაძლებელია საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში. ჩვენი გუნდი, დაგეხმარებათ რომ შეისწავლოთ თქვენი საქმიანობის საგადასახადო სტრუქტურა და შემოგთავაზებთ ოპტიმალურ გადაწყვეტას.
რა განსხვავებაა საგადასახადო თავის არიდებასა და კანონიერ საგადასახადო დაგეგმვას შორის?
საგადასახადო დაგეგმვა გულისხმობს კანონით ნებადართული შეღავათების, სტატუსების და სტრუქტურების გამოყენებას საგადასახადო ტვირთის კანონიერი შემცირებისთვის, ხოლო თავის არიდება არის შემოსავლის დამალვა ან კანონის დარღვევა, რასაც სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მოჰყვება. ზღვარი ამ ორს შორის ხშირად დამოკიდებულია კონკრეტული გარიგების ფორმასა და დოკუმენტირებაზე. ჩვენი კვალიფიციური იურისტების გუნდი გეხმარებათ თქვენი ბიზნესის სრულად კანონიერ, თუმცა ეფექტურ საგადასახადო სტრუქტურირებაში.
აუცილებელია თუ არა თანამშრომელთან წერილობითი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება?
საქართველოს კანონმდებლობა ყველა შემთხვევაში არ მოითხოვს შრომითი ხელშეკრულების წერილობით გაფორმებას, თუმცა პრაქტიკაში ეს საუკეთესო გზაა როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესების დასაცავად. მკაფიოდ განსაზღვრული სამუშაო პირობები, ანაზღაურება, პასუხისმგებლობა, შვებულება და ხელშეკრულების შეწყვეტის წესები მომავალში მნიშვნელოვნად ამცირებს გაუგებრობების და დავების ალბათობას.
რა უნდა გაითვალისწინოს დამსაქმებელმა თანამშრომლის გათავისუფლებამდე?
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს და უნდა შეესაბამებოდეს ამისათვის დადგენილ პროცედურას. დასაქმებულთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე, მნიშვნელოვანია შეფასდეს კონკრეტული გარემოებები, შესაბამისი დოკუმენტაცია და შესაძლო სამართლებრივი შედეგები. სწორად დაგეგმილი პროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს დავის და დამატებითი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობის რისკს.
რა შიდა შრომით-სამართლებრივი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს თითოეულ კომპანიას?
შრომითი ხელშეკრულებასთან ერთად, კომპანიას სასურველია ჰქონდეს შრომის შინაგანაწესი და საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით შედგენილი შიდა პოლიტიკები და პროცედურები, რომლებიც არეგულირებს სამუშაო დროს, შვებულებას, კონფიდენციალურობას, ინტერესთა კონფლიქტს, დისციპლინურ პასუხისმგებლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სწორად ჩამოყალიბებული შიდა წესები ხელს უწყობს ეფექტიან მმართველობას და ამცირებს შრომითი დავების წარმოშობის ალბათობას.
რა საბუთები მჭირდება შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომ თავიდან ავიცილო სამართლებრივი რისკები?
გამართული შრომის ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას, სამუშაოს არსს, ანაზღაურების პირობებს, სამუშაო დროსა და შეწყვეტის საფუძვლებს. ბევრი დამსაქმებელი იყენებს არასრულ ან ინტერნეტიდან გადმოწერილ შაბლონებს, რაც მომავალში დავის შემთხვევაში სერიოზულ რისკებს ქმნის. ჩვენი გუნდი ამზადებს ინდივიდუალურად მორგებულ, კანონმდებლობასთან სრულად შესაბამის შრომის ხელშეკრულებებს, რომლებიც იცავს როგორც დამსაქმებლის, ისე ბიზნესის ინტერესებს.
რა განსხვავებაა კონფიდენციალურობის შეთანხმებასა (NDA) და კონკურენციის აკრძალვის პუნქტს შორის?
კონფიდენციალურობის შეთანხმება იცავს ბიზნეს ინფორმაციის გამჟღავნებისგან, ხოლო კონკურენციის აკრძალვის პუნქტი ზღუდავს თანამშრომლის ან პარტნიორის შესაძლებლობას, თქვენგან წასვლის შემდეგ კონკურენტ საქმიანობაში ჩაერთოს კონკრეტული ვადით. ორივე ინსტრუმენტი მოითხოვს ზუსტ ფორმულირებას, რათა იურიდიულად აღსრულებადი იყოს.
რა უნდა იცოდეს კომპანიამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე?
უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე მნიშვნელოვანია გადაამოწმოთ საქართველოში მისი ყოფნის და მუშაობის სამართლებრივი საფუძველი, ასევე შეაფასოთ, ვრცელდება თუ არა კონკრეტულ შემთხვევაზე შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი მოთხოვნები და არსებობს თუ არა, უცხოეთის მოქალაქის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელი წინაპირობები. პროცესის წინასწარი დაგეგმვა კომპანიას იცავს სამართლებრივი შეფერხებების და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
რა ვალდებულებები აქვს დამსაქმებელს შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის ფარგლებში?
უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისას დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა სამართლებრივი ვალდებულება, მათ შორის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა უფლებამოსილ ორგანოებში და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა. მოთხოვნების დროული შესრულება კომპანიას თავიდან არიდებს სანქციებს და უზრუნველყოფს დასაქმების პროცესის კანონიერად წარმართვას.
რატომ არ არის ინტერნეტიდან გადმოწერილი ხელშეკრულება სამართლებრივი დაცვის საუკეთესო ფორმა?
სტანდარტული ხელშეკრულებები იშვიათად ითვალისწინებს კონკრეტული ტრანზაქციის ან ბიზნესის საჭიროებებს.
თითოეული გარიგება განსხვავებულია და ხშირად საჭიროებს მხარეთა პასუხისმგებლობის, გადახდის პირობების, გარანტიების და დავის გადაწყვეტის განსაკუთრებულ და კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ პირობებს.
თქვენს ბიზნესზე და დაგეგმილი ტრანზაქციის შესაბამისად შედგენილი კომერციული ხელშეკრულება უკეთ იცავს თქვენს უფლებებს და ქონებრივ ინტერესებს და ამცირებს სამომავლოდ დავების და სამართლებრივი რისკების წარმოშობის ალბათობას.
რა პირობები უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული კომერციულ ხელშეკრულებაში?
კომერციული ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს მხარეთა უფლებებს და ვალდებულებებს, შესრულების ვადებს, ანაზღაურების წესს, პასუხისმგებლობას, კონფიდენციალურობის საკითხებს და დავის გადაწყვეტის მექანიზმს. რაც უფრო მკაფიოა მხარეთა შეთანხმება კონკრეტული ხელშეკრულების და სამართლებრივი ურთიერთობის თითოეულ არსებით პირობაზე, მით ნაკლებია მისი განსხვავებულად განმარტების ალბათობა და დავის წარმოშობის რისკები.
როდის არის რეკომენდებული მოქმედი ხელშეკრულების სამართლებრივი გადახედვა?
ხელშეკრულების გადახედვა მიზანშეწონილია მნიშვნელოვანი ცვლილებების, ბიზნესის გაფართოების, ახალი პარტნიორების ჩართვის ან კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში. კომპანიის მიერ დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულებების პერიოდული სამართლებრივი შეფასება გეხმარებათ, რომ ხელშეკრულებები ყოველთვის პასუხობდეს თქვენი ბიზნესის მიმდინარე საჭიროებებს.
როგორ დავიცვა ჩემი ბიზნესი ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში?
პრევენცია იწყება სწორად შედგენილი ხელშეკრულებით. პასუხისმგებლობის, ვადების, სანქციების და დავის გადაწყვეტის მექანიზმის წინასწარ განსაზღვრა მნიშვნელოვნად ამარტივებს თქვენი უფლებების დაცვას, თუ მეორე მხარე შეთანხმებულ პირობებს არ შეასრულებს.
როდის არის მიზანშეწონილი იურისტის ჩართვა ხელშეკრულების გაფორმებამდე?
იურისტის ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ღირებულების, გრძელვადიანი ან სტრატეგიული მნიშვნელობის გარიგებების შემთხვევაში. წინასწარი სამართლებრივი შეფასება ხშირად უფრო ეფექტიანია, ვიდრე უკვე წარმოშობილი პრობლემის გადაწყვეტა.
შემიძლია თუ არა ხელშეკრულების დარღვევისთვის მეორე მხარისგან ზიანის ანაზღაურება მოვითხოვო?
დიახ, თუ ხელშეკრულება სათანადოდ იყო შედგენილი და დარღვევა დადასტურებადია, კანონმდებლობა იძლევა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას, ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების ან სასამართლო/საარბიტრაჟო გზით. წარმატება დიდწილად დამოკიდებულია თავად ხელშეკრულების პირობებზე და მტკიცებულებების სათანადო დოკუმენტირებაზე.
ყოველთვის აუცილებელია თუ არა სასამართლოში დავის დაწყება?
არა. ბევრ შემთხვევაში დავის გადაწყვეტა შესაძლებელია მოლაპარაკების, მედიაციის ან სხვა ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებით, რაც მხარეებს დროის და ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. საუკეთესო გზა დამოკიდებულია დავის ხასიათზე და ბიზნესის ინტერესებზე.
როდის არის რეკომენდებული სასამართლოში წარმომადგენლობა?
კვალიფიციური იურისტის პროფესიული წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან ფინანსურ ინტერესებს, კომპლექსურ სამართლებრივ საკითხებს ან ისეთ დავას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენი ბიზნესის საქმიანობაზე. დროული სამართლებრივი სტრატეგია ხშირად განსაზღვრავს საქმის წარმატებით დასრულების შესაძლებლობას.
როგორ მოვემზადო სასამართლო დავისთვის?
სასამართლო დავის დაწყებამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს საქმის სამართლებრივი პერსპექტივა, მტკიცებულებები, შესაძლო რისკები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები. კარგად დაგეგმილი სტრატეგია ეხმარება კომპანიას, უფრო ეფექტიანად დაიცვას საკუთარი ინტერესები და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.
რა განსხვავებაა სასამართლო დავასა და საარბიტრაჟო განხილვას შორის და რომელია ჩემთვის ხელსაყრელი?
სასამართლო პროცესი საჯაროა და შედარებით ხანგრძლივი, ხოლო კომერციული არბიტრაჟი, კონფიდენციალური, უფრო სწრაფი და ხშირად მხარეთა მიერ შერჩეული არბიტრ(ებ)ის მიერ მიმდინარეობს. ბიზნეს ხელშეკრულებებში არბიტრაჟის პუნქტის ჩართვა ხშირად ხელსაყრელია კომერციული დავების სწრაფი გადაწყვეტისთვის.
რა ვალდებულებები აქვს ონლაინ მაღაზიას მომხმარებლის წინაშე?
ელექტრონული კომერციის განმახორციელებელი კომპანია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და გასაგები ინფორმაცია პროდუქტის, ფასის, მიწოდების პირობებისა და დაბრუნების უფლების შესახებ ჯერ კიდევ შეკვეთის გაფორმებამდე. ამასთან, მომხმარებელს, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება დადგენილ ვადაში, საქონლის დაბრუნების და თანხის ანაზღაურების უფლებით. ჩვენ გეხმარებით თქვენი ონლაინ პლატფორმის წესებისა და პირობების კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაში, რაც ამცირებს სამომხმარებლო დავების რისკს.
რა სამართლებრივი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს ელექტრონულ კომერცის პლატფორმას?
თანამედროვე ონლაინ ბიზნესისთვის აუცილებელია სწორად მომზადებული ვებგვერდის გამოყენების პირობები (Terms & Conditions), კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Privacy Policy), ქუქიების პოლიტიკა, დაბრუნების და გაცვლის წესები და სხვა მომხმარებელთან ურთიერთობის მარეგულირებელი დოკუმენტები. მათი არსებობა ამცირებს სამართლებრივ გაურკვევლობას და ზრდის როგორც მომხმარებლის, ისე ბიზნეს პარტნიორების ნდობას.
რა პასუხისმგებლობა მაკისრია, თუ ჩემი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაყიდული პროდუქტი არ შეესაბამება აღწერას?
თუ მომხმარებელმა მიიღო პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება გამოცხადებულ მახასიათებლებს, მას უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის შეცვლა, ნაკლის გამოსწორება, ფასის შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის სრული ანაზღაურება. სისტემატური დარღვევები შესაძლოა ასევე გახდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოს ყურადღების საგანი. ჩვენ მოგიმზადებთ, გამართულ წესებს და პირობებს, რომლებიც წინასწარ ნათლად განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ფარგლებს და იცავს თქვენს ბიზნესს.
რა უნდა გადაამოწმოს დეველოპერმა მშენებლობის დაწყებამდე?
მშენებლობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს მიწის სამართლებრივი სტატუსი, ქალაქთმშენებლობითი პირობები, ნებართვების სრული პაკეტი, პროექტის შესაბამისობა მოქმედ რეგულაციებთან და მესამე პირების შესაძლო უფლებები. წინასწარი სამართლებრივი ანალიზი მნიშვნელოვნად ამცირებს პროექტის შეფერხების და დამატებითი ხარჯების წარმოშობის ალბათობას.
რომელუ სამართლებრივი საკითხებია ყველაზე მნიშვნელოვანი დეველოპერული პროექტის განხორციელებისას?
დეველოპერული პროექტის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ მშენებლობაზე, არამედ სწორად სტრუქტურირებულ ხელშეკრულებებზე, ნებართვებზე, ფინანსურ ვალდებულებებზე, მყიდველებთან ურთიერთობასა და მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობაზე. თითოეული ეტაპის სამართლებრივი მართვა ხელს უწყობს პროექტის დროულ და ეფექტიან განხორციელებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი უძრავი ქონების პროექტის სამართლებრივი Due Diligence?
Legal Due Diligence საშუალებას გაძლევთ წინასწარ შეაფასოთ პროექტთან დაკავშირებული სამართლებრივი გარემო, არსებული შეზღუდვები, ვალდებულებები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ასეთი ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, დეველოპერების და საფინანსო ინსტიტუტებისთვის, რადგან გადაწყვეტილებები სრულ და სანდო ინფორმაციას ეფუძნება.
რა ნებართვებია საჭირო საქართველოში მშენებლობის დასაწყებად?
მშენებლობის დაწყებამდე საჭიროა მშენებლობის ნებართვის მოპოვება შესაბამისი მუნიციპალური ორგანოსგან, რაც წინაპირობად მოითხოვს დამტკიცებულ არქიტექტურულ პროექტს, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დადასტურებას და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობას. ობიექტის სირთულის მიხედვით, პროცესი შესაძლოა მოიცავდეს რამდენიმე ეტაპს, წინასწარი თანხმობიდან საბოლოო ნებართვამდე. ჩვენი გუნდი გაგიწევთ სამშენებლო ნებართვების მოპოვების მთლიანი პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას, რათა პროექტი დროულად და ხარვეზების გარეშე დაიწყოს.
რა ვალდებულებები აქვს დეველოპერს ბინის მყიდველების მიმართ მშენებლობის პროცესში?
დეველოპერი ვალდებულია დაიცვას ნასყიდობის ან წილობრივი მონაწილეობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები, ტექნიკური მახასიათებლები და მშენებლობის სტანდარტები, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, აგოს პასუხი საჯარიმო სანქციებით და საჭიროების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებით.
რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ საქართველოში, კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე?
საქართველოში კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული საქმიანობა მოითხოვს როგორც ბიზნეს მოდელის, ისე მოქმედი რეგულაციების წინასწარ შეფასებას. მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექვემდებარება თუ არა საქმიანობა ლიცენზირებას, სპეციალურ მოთხოვნებს ან დამატებით მარეგულირებელ ვალდებულებებს. სწორად დაგეგმილი სამართლებრივი სტრუქტურა ქმნის უსაფრთხო საფუძველს თქვენი ბიზნესის წარმატებული განვითარებისთვის.
როდის სჭირდება ფინტექ კომპანიას სამართლებრივი მხარდაჭერა?
ფინტექ სექტორში სამართლებრივი საკითხები მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე, კომპანიის დაფუძნებიდან დაწყებული, ინვესტიციის მოზიდვით, პარტნიორული ურთიერთობებით, მომხმარებელთა მონაცემების დაცვით და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობით დასრულებული. ადრეულ ეტაპზე მიღებული კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერა ხელს უწყობს ბიზნესის სტაბილურ ზრდას.
საქართველოში კრიპტოვალუტით ვაჭრობა ან მისი შენახვა საჭიროებს თუ არა სპეციალურ ლიცენზიას?
თუ თქვენი კომპანია უშუალოდ უწევს მესამე პირებს კრიპტოვალუტის გადაცვლის, შენახვის ან მართვის მომსახურებას, ის ვალდებულია დარეგისტრირდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი და დაიცვას ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციები. ჩვეულებრივი ბიზნესისთვის, რომელიც მხოლოდ კრიპტოვალუტას იღებს გადახდად და მას მესამე პირის მეშვეობით აკონვერტირებს ლარში, ეს ვალდებულება, როგორც წესი, არ ვრცელდება.
რა ლიცენზია სჭირდება კომპანიას, საქართველოში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად საქმიანობის დასაწყებად?
საგადახდო მომსახურების გაწევა, იქნება ეს ელექტრონული საფულე, გადახდის სისტემა თუ ფულადი გზავნილების მომსახურება, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება და მოითხოვს შესაბამისი ლიცენზიის ან ავტორიზაციის მოპოვებას, კაპიტალის, შიდა კონტროლისა და ფინანსური მონიტორინგის მოთხოვნების დაკმაყოფილებით. ლიცენზირების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და მოითხოვს დეტალურ დოკუმენტაციას. ჩვენი გუნდი გაგიწევთ ლიცენზირებასთან დაკავშირებულ სრულ სამართლებრივ მომსახურებას, პროექტის საწყისი სამართლებრივი შეფასებიდან ლიცენზიის მიღებამდე.
რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ საგადახდო მომსახურების დაწყებამდე?
საგადახდო მომსახურების სფერო რეგულირდება სპეციალური მოთხოვნებით, რომლებიც დამოკიდებულია საქმიანობის ფორმასა და მომსახურების ტიპზე. ბიზნესის დაწყებამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს, საჭიროებს თუ არა საქმიანობა ლიცენზიას, რეგისტრაციას ან სხვა მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებას.
როდის არის საჭირო ფინანსური ინსტიტუტისთვის მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება?
რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქმიანობის დაწყებისას, არამედ ახალი პროდუქტების დანერგვის, შიდა პროცესების ცვლილების, რეორგანიზაციის და ბიზნესის გაფართოების შემთხვევაშიც. თქვენი საქმიანობის სისტემური შესაბამისობა დადგენილ ნორმებთან და რეგულაციებთან, ამცირებს სამართლებრივ რისკებს და აძლიერებს ორგანიზაციის მდგრადობას.
როგორ ეხმარება იურიდიული მხარდაჭერა ფინანსურ ინსტიტუტებს?
ფინანსური სექტორისთვის სამართლებრივი მხარდაჭერა მოიცავს მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხელშეკრულებების მომზადებას, კორპორაციულ მმართველობას, ურთიერთობას სახელმწიფო ორგანოებთან და სტრატეგიული პროექტების სამართლებრივ უზრუნველყოფას. ასეთი მხარდაჭერა ხელს უწყობს თქვენი ბიზნესის ეფექტიან და უსაფრთხო საქმიანობას.
რა მოთხოვნები მაქვს ფინანსური მონიტორინგის (AML/KYC) კუთხით, თუ ჩემი კომპანია ფინანსურ მომსახურებას უწევს მომხმარებლებს?
ფინანსური მომსახურების პროვაიდერები ვალდებულნი არიან დანერგონ კლიენტის იდენტიფიკაციის (KYC), საეჭვო ოპერაციების მონიტორინგის და შესაბამისი ორგანოებისთვის ანგარიშგების პროცედურები, რათა აიცილონ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობას შესაძლოა მოჰყვეს მნიშვნელოვანი ფინანსური სანქციები და ლიცენზიის გაუქმებაც კი. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ AML/KYC პოლიტიკის და შიდა პროცედურების შემუშავებაში, რომელიც სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებამდე?
საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოქმედი სამართალი, დავის გადაწყვეტის მექანიზმი, მიწოდების პირობები, გადახდის წესები და პასუხისმგებლობის ფარგლები. სწორად მომზადებული შეთანხმება ამცირებს საერთაშორისო კომერციულ რისკებს და იცავს მხარეთა ქონებრივ ინტერესებს.
როგორ შევამცირო სამართლებრივი რისკები იმპორტისა და ექსპორტის დროს?
იმპორტის და ექსპორტის ოპერაციები მოითხოვს არა მხოლოდ საბაჟო მოთხოვნების, არამედ სახელშეკრულებო, საგადასახადო და საერთაშორისო სავაჭრო წესების გათვალისწინებას. ოპერაციის წინასწარი სამართლებრივი შეფასება ხელს უწყობს პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას და ამცირებს დამატებითი ხარჯების წარმოშობის ალბათობას.
როდის არის რეკომენდებული საერთაშორისო გადაზიდვების სამართლებრივი მხარდაჭერა?
საერთაშორისო გადაზიდვებისას სამართლებრივი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ღირებულების ტვირთების, მრავალმხრივი მიწოდების ჯაჭვის, საერთაშორისო გადამზიდველებთან ურთიერთობის და სადაზღვევო საკითხების დროს. წინასწარ განსაზღვრული პირობები ამარტივებს პროცესს და ამცირებს კომერციულ გაურკვევლობას.
რა საბაჟო პროცედურები მელის, თუ ვგეგმავ პროდუქციის იმპორტს საქართველოში?
იმპორტირებული საქონელი ექვემდებარება საბაჟო დეკლარირებას, კლასიფიკაციას სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით და საქონლის ტიპის მიხედვით, შესაბამის გადასახადებსა და მოსაკრებლებს. არასწორმა კლასიფიკაციამ ან არასრულმა დოკუმენტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ტვირთის შეჩერება საბაჟოზე და დამატებითი ხარჯები. ჩვენ გეხმარებით საბაჟო პროცედურების სწორად დაგეგმვასა და დოკუმენტაციის მომზადებაში, რათა თქვემა ტვირთმა დაუბრკოლებლად გადაკვეთოს საზღვარი.
რა უპირატესობები აქვს საქართველოს, როგორც სატრანზიტო და რეექსპორტის ჰაბს, საერთაშორისო ვაჭრობისთვის?
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები (მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან) და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების არსებობა მას ხდის მიმზიდველ პლატფორმად საქონლის რეექსპორტისა და რეგიონული დისტრიბუციისთვის. სწორად სტრუქტურირებულმა სავაჭრო ოპერაციამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს გადასახადები და ლოგისტიკური ხარჯები. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ თქვენი სავაჭრო ოპერაციების ისე სტრუქტურირებაში, რომ მაქსიმალურად ისარგებლოთ ამ შესაძლებლობებით.
რა ხელშეკრულებები მჭირდება საერთაშორისო მომწოდებელთან ან დისტრიბუტორთან თანამშრომლობისას?
საერთაშორისო მიწოდების ან დისტრიბუციის ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს მკაფიოდ განსაზღვრულ მიწოდების პირობებს (Incoterms), გადახდის მექანიზმს, რისკის გადანაწილებას, საქონლის ხარისხის გარანტიებს და გამოყენებად სამართალს დავის შემთხვევისთვის. საერთაშორისო ხელშეკრულებებში ამ დეტალების გამოტოვება ხშირად დიდ პრობლემად იქცევა ტრანსსასაზღვრო დავის დროს.
რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ გეიმინგ ბიზნესის დაწყებამდე საქართველოში?
გეიმინგ სექტორში საქმიანობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს, ექვემდებარება თუ არა კონკრეტული საქმიანობა ლიცენზირებას, სპეციალურ რეგულაციებს ან სხვა სამართლებრივ მოთხოვნებს. ბიზნეს მოდელის წინასწარი შეფასება და შესაბამისობის უზრუნველყოფა ქმნის სტაბილურ საფუძველს ბიზნეს საქმიანობის წარმატებული სტარტის განვითარებისთვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულაციებთან შესაბამისობა გეიმინგ ინდუსტრიაში?
გეიმინგ სექტორი მუდმივად ვითარდება და რეგულაციებთან შესაბამისობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ბიზნესის რეპუტაციაზე, ისე მისი საქმიანობის უწყვეტობაზე. სამართლებრივი შეფასება ეხმარება კომპანიებს დროულად მოერგონ მარეგულირებელ მოთხოვნებს და საქმიანობა წარმართონ გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში.
რა სამართლებრივი მოთხოვნები მოქმედებს საქართველოში სათამაშო ბიზნესის (გეიმინგის) საქმიანობაზე?
სათამაშო ბიზნესის, კაზინოს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების ან ონლაინ თამაშების ოპერირება და მართვა საქართველოში მოითხოვს სპეციალურ ლიცენზიას შესაბამისი ორგანოსგან და ექვემდებარება მკაცრ რეგულირებას, მათ შორის სალიცენზიო მოსაკრებლების, ასაკობრივი შეზღუდვებისა და მომხმარებელთა დაცვის წესების შესახებ. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა მკაცრი სანქციებით ისჯება. ჩვენი გუნდი გაგიწევთ ლიცენზირების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, გამართული და მდგრადი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
რა საგადასახადო ვალდებულებები ეკისრება სათამაშო ბიზნესის ოპერატორებს საქართველოში?
სათამაშო ბიზნესის ოპერატორები ექვემდებარებიან სპეციალურ, ხშირად ჩვეულებრივი მეწარმეობისგან განსხვავებულ საგადასახადო რეჟიმს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სალიცენზიო გადასახადებს, მოგებაზე დაწესებულ სპეციალურ განაკვეთებს და დამატებით ანგარიშგების ვალდებულებებს. ამ რეჟიმის სწორად გააზრება გადამწყვეტია თქვენი ბიზნესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად და რეგულატორთან კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის.
რა არის „Due Diligence“ და როდის არის საჭირო?
Due Diligence არის კომპანიის ან გარიგების სამართლებრივი, ფინანსური და საოპერაციო შემოწმების პროცესი, რომელიც ტარდება ინვესტიციის, შერწყმის, კომპანიის შესყიდვის ან მსხვილი პარტნიორობის დაწყების წინ. ეს პროცესი ავლენს დაფარულ რისკებს, ვალდებულებებს, დავებს ან შესაძლო რეგულატორულ გამოწვევებს, სანამ ისინი თქვენი ბიზნესის ნაწილი გახდება.
როგორ დავრწმუნდე, რომ ჩემი ბიზნესი შეესაბამება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს?
თუ თქვენი კომპანია აგროვებს, ინახავს ან ამუშავებს კლიენტების პერსონალურ მონაცემებს, სახელებიდან დაწყებული გადახდის მონაცემებით დამთავრებული, კანონმდებლობა გავალდებულებთ კონკრეტული პროცედურების დაცვას. შეუსაბამობამ შესაძლოა ფინანსური სანქციები და რეპუტაციული ზიანი გამოიწვიოს.
როგორ დავიცვა ჩემი ბრენდი ან პროდუქტი კონკურენტებისგან?
სასაქონლო ნიშნის, ბრენდის სახელწოდების, ლოგოს ან საქმიანობის სხვა გამორჩეული ელემენტების დაცვა ხდება სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციით, რომელიც გაძლევთ ექსკლუზიურ უფლებას მის გამოყენებაზე. რეგისტრაციის გარეშე, კონკურენტს შეუძლია მსგავსი ნიშნით ისარგებლოს და თქვენ კანონიერი დაცვის შესაძლებლობა შეგეზღუდოთ.
რატომ მჭირდება მუდმივი იურიდიული პარტნიორი, ერთჯერადი კონსულტაციის ნაცვლად?
ბიზნესი და ბიზნესგარემო მუდმივად იცვლება, ახალი ხელშეკრულებები, თანამშრომლები, რეგულაციები და გარიგებები მუდმივ და რუტინულ სამართლებრივ ყურადღებას მოითხოვს. ერთჯერადი იურიდიული და ბიზნეს კონსულტაცია წყვეტს კონკრეტულ პრობლემას, მაგრამ ვერ ხედავს თქვენი საქმიანობის სრულ სურათს და პოტენციურ რისკებს წინასწარ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ გრძელვადიან თანამშრომლობას და პარტნიორობას, რომელიც სისტემურად იცავს თქვენს ბიზნესს და მხარს უჭერს მის ზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში.