მუშაობის უფლება საქართველოში: რა შეიცვალა უცხოელებისთვის 2026 წელს?

2026 წელი საქართველოში უცხოელი თანამშრომლების და მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყო.

უცხოელებისთვის საქართველოში მუშაობის წესები გამკაცრდა და ბიზნესებისთვის, ახლა უკვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი საკითხის ერთმანეთისგან გამიჯვნა:

საქართველოში ყოფნის უფლება და საქართველოში მუშაობის უფლება.

ეს ორი სამართლებრივი სტატუსი ერთი და იგივე აღარ არის.

ვის ეხება შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნა?

შრომითი მიგრაციის რეჟიმი ეხება უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებენ ადგილობრივ დამსაქმებელთან ან თვითდასაქმებული ფორმით.

შესაბამისად, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების რეჟიმი შეიძლება შეეხოს:

  • უცხოელ თანამშრომლებს;
  • უცხოელ მენეჯერებს და დირექტორებს;
  • ინდივიდუალურ მეწარმეებს;
  • ფრინალსერებს და დამოუკიდებელ კონტრაქტორებს;
  • სხვა თვითდასაქმებულ უცხოელებს.

თუმცა, ყველა ზემოთ აღნიშნული კატეგორია და შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, რადგან კანონმდებლობა კონკრეტულ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს.

ნიშნავს თუ არა კომპანიის პარტნიორობა შრომითი საქმიანობის უფლებას?

არა აუცილებლად, რადგან კომპანიის წილის ფლობა და კომპანიაში აქტიური საოპერაციო საქმიანობა განსხვავებული საკითხებია.

პასიური ინვესტორი, რომელიც მხოლოდ კომპანიის პარტნიორია, და უცხოელი, რომელიც ყოველდღიურად მართავს კომპანიას ან მისგან ანაზღაურებას იღებს, სამართლებრივად ერთნაირ მდგომარეობაში ყოველთვის არ არიან.

ამიტომ მხოლოდ საჯარო რეესტრში „დირექტორად“ ან „პარტნიორად“ რეგისტრაციით სამუშაო უფლების საკითხის გადაწყვეტა არ შეიძლება.

სჭირდება თუ არა სამუშაო უფლება უცხოელ დირექტორს?

დირექტორის რეალური ფუნქციები, კომპანიის საქმიანობა, ანაზღაურება, საქართველოში საქმიანობის ხასიათი და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები უნდა შეფასდეს ერთობლივად. სწორედ ამიტომ უცხოელი დირექტორის შემთხვევაში კომპანიის რეგისტრაციის ეტაპზევე სასურველია განისაზღვროს მისი კორპორაციული, შრომით სამართლებრივი და საიმიგრაციო სტატუსი.

საქართველოში შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველ, მეორე ან მესამე კატეგორიის საწარმოში ხელმძღვანელობითი ან მმართველობით საქმიანობის განმახორციელებლ პირებს, მათ შორის დირექტორსაც არ მოეთხოვება, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება. 

რა ხდება უცხოელი ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში?

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია აღარ უნდა ჩაითვალოს საქართველოში მუშაობის უფლების ავტომატურ საფუძვლად.

თუ უცხოელი საქართველოში თვითდასაქმებულ საქმიანობას ახორციელებს, შესაძლოა მასზე გავრცელდეს შრომითი მიგრაციის და შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულების შესაბამისი რეჟიმი. ამიტომ უცხოეთის მოქალაქის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციასთან ერთად ცალკე უნდა შეფასდეს:

  • სამუშაოს სპეციფიკა და ლოკაცია;
  • ანაზღაურების პირობები და წყარო;
  • საიმიგრაციო სტატუსი;
  • საგადასახადო სტატუსი.

განსხვავება შრომითი საქმიანობის უფლებას, D1 ვიზას და ბინადრობის ნებართვას შორის  

ხშირად, ეს სამი ცნება ერთმანეთში ერევათ.

სამუშაო უფლება ეხება საქართველოში შრომითი ან თვითდასაქმებული საქმიანობის განხორციელების უფლებას.

D1 ვიზა არის იმიგრაციული საფუძველი საქართველოში შესვლის და ყოფნისათვის შესაბამის შემთხვევებში.

ხოლო, ბინადრობის ნებართვა უცხოელის საქართველოში ლეგალურად ცხოვრების დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსია.

ამიტომ ერთი დოკუმენტის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ დანარჩენი საკითხებიც ავტომატურად მოწესრიგებულია.

რა რისკი აქვს დამსაქმებელს?

უცხოელი თანამშრომლის დაქირავებამდე კომპანიამ უნდა გადაამოწმოს მისი სამუშაო და საიმიგრაციო სტატუსი.

მოქმედი საიმიგრაციო რეჟიმის დარღვევამ და უცხოელის შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე დასაქმებამ, შეიძლება გამოიწვიოს როგორც დამსაქმებლის, ისე თავად უცხოეთის მოქალაქისთვის ფინანსური სანქციის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

ამიტომ უცხოელთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე მხოლოდ დოკუმენტის ტექსტის მომზადება საკმარისი აღარ არის და აუცილებელია წინასწარი საიმიგრაციო და შრომითი საქმიანობის უფლების რეჟიმების დეტალური შესწავლა და გადამოწმება. 

რა უნდა შეამოწმოს კომპანიამ უცხოელის დაქირავებამდე?

BLP მეწარმე სუბიექტებს სთავაზობს უცხოელი დასაქმებულებისთვის  შრომითი საქმიანობის უფლების მიღების სამართლებრივ მხარდაჭერას, რაც მოიცავს შემდეგი საკითხების შესწავლას:

  • ექვემდებარება თუ არა პირი სამუშაო უფლების მოთხოვნას?
  • ხომ არ მოქმედებს მასზე გამონაკლისი?
  • როგორია პირის საიმიგრაციო სტატუსი?
  • სჭირდება თუ არა D1 ვიზა ან ბინადრობის ნებართვა?
  • სწორადაა თუ არა შედგენილი შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულება?
  • შესრულებულია თუ არა დამსაქმებლის მიერ განცხადების გაკეთების, შეტყობინების და სხვა მიმდინარე ვალდებულებები?

BLP-ის რეკომენდაცია

2026 წლიდან უცხოელი პერსონალის დასაქმება უნდა განიხილებოდეს როგორც ერთიანი: შრომით-სამართლებრივი, საიმიგრაციო და კორპორაციული შესაბამისობის საკითხი.

BLP-ს შეუძლია დაეხმაროს კომპანიებს და უცხოელ პროფესიონალებს სამუშაო სტატუსის შეფასებაში, განაცხადების მომზადებაში, შრომითი ხელშეკრულებების შედგენასა და უცხოელი დასაქმებულების და თვითდასაქმებული პირებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მართვაში. 

Share your love