საქართველო ხშირად პოზიციონირებს, როგორც შედარებით მარტივი და კონკურენტული საგადასახადო რეჟიმის მქონე ქვეყანა.
თუმცა უცხოელი ინვესტორისთვის მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, თუ რამდენია გადასახადი საქართველოში?
უფრო მნიშვნელოვანია გაირკვეს:
- რომელ ქვეყანაში წარმოიშობა შემოსავალი?
- სად არის პირი საგადასახადო რეზიდენტი?
- აქვს თუ არა უცხოურ კომპანიას საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობა?
- რომელი გადასახადი და სპეციალური რეჟიმი ვრცელდება კონკრეტულ ბიზნეს საქმიანობაზე?
როგორ იბეგრება ქართული კომპანია?
საქართველოში კომპანიის სტანდარტული მოგების საგადასახადო განაკვეთი შეადგენს 15%-ს.
ქართული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, კი ის არის რომ ჩვეულებრივი ბიზნესისთვის მოგების გადასახადი, როგორც წესი, წარმოიშობა მოგების განაწილების, დივიდენდის გაცემის და კანონით მასთან გათანაბრებული ოპერაციების დროს.
ამიტომ ხშირად გავრცელებული ფრაზა, „საქართველოში კომპანიის გადასახადი 0%-ია, თუ მოგებას არ ანაწილებ“, საჭიროებს უფრო ზუსტ სამართლებრივ ფორმულირებას.
კომპანიის მიერ გენერირებული შემოსავლის და მოგების რეინვესტირება შეიძლება კონკრეტულ ეტაპზე არ იწვევდეს მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მოგების გადასახადი 0%-ია.
როგორ იბეგრება უცხოელზე გაცემული დივიდენდი საქართველოში?
საქართველოში დივიდენდის განაწილების დროს გადასახდელი გადასახადის მოცულობა შეადგენს 5%-ს, თუმცა კომპანიის მიერ უცხოელი პარტნიორისთვის დივიდენდის გადახდისას უნდა შეფასდეს:
- დივიდენდის მიმღები პირის სტატუსი;
- საქართველოს საგადასახადო რეჟიმი;
- გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
- საქართველოს და შესაბამის ქვეყანას შორის ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება.
დღგ – როდის ხდება გადამხდელად რეგისტრაცია აუცილებელი?
დღგ-ის სტანდარტული განაკვეთი საქართველოში 18%-ია. თუმცა, ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული რისკია დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის მომენტის გამოტოვება.
ამიტომ ამ მიზნით საწარმოს ბრუნვა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ კალენდარული წლის ბოლოს, არამედ საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პერიოდის მიხედვით, იმ მიზნით რომ შეფასდეს აუცილებელია, თუ არა კომპანიის მიერ დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გავლა.
რა არის 1%-იანი მცირე ბიზნესის რეჟიმი?
საქართველოში უცხოელ მეწარმე ფიზიკურ პირებს ხშირად ხვდებათ შეთავაზება: “დარეგისტრიდი საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ და გადაიხადე 1%”. თუმცა, ეს ზედმეტად გამარტივებული და ზედაპირული განმარტებაა.
რეალურად, ფიზიკური პირებისთვის 1%-იანი საგადასახადო რეჟიმი დაკავშირებულია მცირე ბიზნესის სტატუსთან და არა მხოლოდ ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციასთან.
ზოგი საქმიანობა საერთოდ გამორიცხულია 1%-იანი დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან, ამიტომ ბიზნესის და საქმიანობის სპეციფიკა წინასწარ უნდა შეფასდეს. შემოსავლების სამსახური პირდაპირ გამოყოფს იმ საქმიანობებს, რომლებზეც მცირე ბიზნესის სტატუსი არ გაიცემა.
უცხოელი ფიზიკური პირი როდის ხდება საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი?
საგადასახადო რეზიდენტობა და საიმიგრაციო ბინადრობა სხვადასხვა სამართლებრივი ცნებაა და ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
შესაძლებელია პირს ჰქონდეს საქართველოში ბინადრობის უფლება და საგადასახადო მიზნებისთვის სხვა ქვეყნის რეზიდენტად რჩებოდეს – ან პირიქით.
სტანდარტული საგადასახადო რეზიდენტობისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია საქართველოში ყოფნის პერიოდი, თუმცა კონკრეტული პირისთვის უნდა შეფასდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესები და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებები.
აღნიშულის გათვალისწინებით, უცხოურ კომპანიას საქართველოში შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი არ იყოს, რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, თუმცა მათმა ფაქტობრივმა საქმიანობამ მაინც წარმოშვას საქართველოში მუდმივი დაწესებულება, საგადასახადო მიზნებისთვის.
მუდმივი წარმომადგენლობის და მასთან თანმდევი საგადასახადო რისსკების შეფასებისას შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს:
- ოფისის არსებობა;
- საქართველოში მუდმივად დასაქმებული თანამშრომლები;
- ადგილობრივი წარმომადგენლობა;
- საქმიანობის ხანგრძლივობა და ხასიათი.
საგადასახადო მიზნებისთვის, მუდმივი წარმომადგენლობის წარმოშობამ შეიძლება უცხოურ კომპანიას საქართველოში რეგისტრაციის და საგადასახადო ვალდებულებები შეუქმნას.
BLP-ის რეკომენდაცია
საგადასახადო სტრუქტურირება სასურველია მოხდეს ტრანზაქციის ან ბიზნესის დაწყებამდე, და არა საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემდეგ.
