საქართველოში ბიზნესის დაწყება უცხოელი მეწარმეების და ინვესტორებისთვის შედარებით მარტივია, თუმცა კომპანიის რეგისტრაცია და სწორად სტრუქტურირებული ბიზნესის შექმნა ერთი და იგივე არ არის.
სანამ კომპანია დარეგისტრირდება, მიზანშეწონილია განისაზღვროს ბიზნესის სწორი სამართლებრივი ფორმა, პარტნიორების და დირექტორის უფლებამოსილებები, საგადასახადო რეჟიმი, საბანკო საჭიროებები და უცხოელი მმართველების ან თანამშრომლების სამართლებრივი სტატუსი.
შეუძლია თუ არა უცხოელს ქართული კომპანიის 100%-ის ფლობა?
ზოგადი წესით – დიახ. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან უცხოურ იურიდიულ პირს შეუძლია იყოს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ერთადერთი პარტნიორი ან აქციონერი და ქართველი პარტნიორის არსებობა კომპანიის დამფუძნებლებს შორის აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს .
უცხოეთის მოქალაქე შეიძლება იყოს ასევე კომპანიის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – დირექტორი.
საქართველოს კანონმდებლობა უცხოელებს საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებას აღიარებს, კანონით გათვალისწინებული კონკრეტული შეზღუდვების გათვალისწინებით.
რომელი სამართლებრივი ფორმა უნდა ავირჩიოთ ჩვენი კომპანიისთვის?
ყველაზე გავრცელებული არჩევანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შპს, თუმცა ყველა ბიზნესისთვის ერთი მოდელი ოპტიმალური არ არის.
საქართველოში კომპანიის შესაძლო სამართლებრივი ფორმებია:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) – რომელიც, ყველაზე ხშირად გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისთვის, საოპერაციო ბიზნესისთვის, რამდენიმე პარტნიორის, თანამშრომლების და კონტრაქტორების არსებობისას;
ინდივიდუალური მეწარმე – როგორც წესი, უფრო ეფექტურია მცირე ან დამოუკიდებელი საქმიანობისთვის;
უცხოური კომპანიის ფილიალი – რომელიც შეიძლება იყოს მიზანშეწონილი მაშინ, როდესაც უცხოურ კომპანიას საქართველოში საქმიანობის წარმართვა უშუალოდ საკუთარი სტრუქტურით სურს;
სააქციო საზოგადოება (სს) – განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება რეგულირებად ინდუსტრიებში საქმიანობის ან მსხვილი კორპორაციების შემთხვევაში სადაც წარმოდგენილია აქციონერთა სიმრავლე.
თქვენი სამომავლო ბიზნესსაქმიანობისთვის იურიდიული ფორმის არჩევისას უნდა შეფასდეს არა მხოლოდ რეგისტრაციის სიმარტივე, არამედ პასუხისმგებლობის განაწილების წესი, გადასახადები და დაბეგვრის რეჟიმები, პარტნიორების ურთიერთობა და კორპორაციული სტრუქტურა და მომავალი საინვესტიციო გეგმები.
სჭირდება თუ არა უცხოელს საქართველოში ჩამოსვლა კომპანიის დასაფუძნებლად?
ყველა შემთხვევაში – არა. კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შედგენილი მინდობილობის საფუძველზე კომპანიის რეგისტრაციის პროცესი შესაძლებელია დისტანციურად წარმომადგენლის მეშვეობითაც განხორციელდეს.
უცხოეთში გაცემული დოკუმენტების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მათი აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია და ქართულ ენაზე სათანადო თარგმნა.
ამიტომ დისტანციური რეგისტრაციისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი სწორედ კანონის მოთხოვნების და სამეწარმეო რეესტრის პრაქტიკის შესაბამისად შედგენილი მინდობილობაა.
საჭიროა თუ არა კომპანიას ქართული მისამართი?
საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას აუცილებლად სჭირდება იურიდიული მისამართი.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი დამფუძნებლის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოში საკუთარი ოფისი ან უძრავი ქონება ჯერ არ აქვს.
იურიდიული მისამართის განსაზღვრისას უნდა არსებობდეს მესაკუთრის შესაბამისი თანხმობა ან სხვა სამართლებრივი საფუძველი.
რამდენად სწრაფად შეიძლება კომპანიის რეგისტრაცია?
საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის სისტემა ძალიან მოქნილი და სწრაფია და რეგისტრაციის პროცედურა სხვადასხვა დაჩქარებული ვადითაა შესაძლებელი.
თუმცა სწრაფი რეგისტრაცია ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ბიზნესის სამართლებრივი მოწყობა რეგისტრაცაციის სრულდება.
კომპანიის თავდაპირველი რეგისტრაციის შემდეგ შესაძლოა დამატებით საჭირო იყოს:
- საგადასახადო რეგისტრაცია ან სპეციალური სტატუსის მიღება;
- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის საკითხის შეფასება;
- საბანკო ანგარიშის გახსნა;
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
- შრომის უფლების მოპოვება უცხოელი დასაქმებულების შემთხვევაში;
- ლიცენზიის ან ნებართვის მიღება;
- ბენეფიციარი მესაკუთრის და KYC დოკუმენტაციის მომზადება.
რომელი იურიდიული ფორმა ავირჩიოთ შპს თუ ინდივიდუალური მეწარმე?
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა.
ინდივიდუალური მეწარმე შეიძლება იყოს მარტივი და ეკონომიური ფორმა მათთვის ვინც გეგმავს, ფრილანსერის, კონსულტანტის ან მცირე მასშტაბის საქმიანობის განხორციელებას.
მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი გავრცელებული მცდარი წარმოდგენის თავიდან აცილება და იმის გათვალისწინება, რომ ინდივიდუალურ მეწარედ რეგისტრაცია ავტომატურად არ ნიშნავს 1%-იან საგადასახადო რეჟიმის გავრცელებას.
1%-იანი დაბეგვრა უკავშირდება მცირე ბიზნესის სპეციალურ საგადასახადო სტატუსს და მისთვის განსაზღვრულ პირობებსა და საქმიანობის ტიპებს. შემოსავლების სამსახური პირდაპირ მიუთითებს საქმიანობებზე, რომლებზეც მცირე ბიზნესის სტატუსი არ ვრცელდება.
კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ ავტომატურად გაიხსნება საბანკო ანგარიში?
როგორც წესი არა და ეს ასეა განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქლაქეების ან იურიდიული პირების მიერ საქართველოში კომპანიის რეგისტრაციის შემთხვევაში.
კომპანიის რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშის გახსნა ორი დამოუკიდებელი პროცედურაა.
ანგარიშების გასახსნელად ბანკს შეუძლია მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია:
- ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;
- ბიზნესის საქმიანობის შესახებ;
- კლიენტების და კონტრაგენტების შესახებ;
- ფინანსების წარმოშობის შესახებ;
- მოსალოდნელი ბრუნვის და ტრანზაქციების შესახებ.
ამიტომ უცხოელი ინვესტორისთვის თავიდანვე მნიშვნელოვანია ბიზნესის ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელიც ბანკის და AML/KYC მოთხოვნებთანაც თავსებადი იქნება.
BLP-ის რეკომენდაცია
კომპანიის შექმნა სასურველია დაიწყოს არა მხოლოდ კითხვით თუ „როგორ დავარეგისტრირო შპს?“, არამედ „რომელი სამართლებრივი ფორმა და სტრუქტურაა ოპტიმალური ჩემი ბიზნესისთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში?“
BLP-ის სამართლებრივი მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს კომპანიის სამართლებრივი ფორმის შერჩევას, რეგისტრაციას, სადამფუძნებლო დოკუმენტების შედგენას, პარტნიორთა შეთანხმებების გაფორმებას, დირექტორის უფლებამოსილებების განსაზღვრას და დირექტორებთან დასადები სასამსახურო ხელშეკრულებების შედგენას, საბანკო და რეგულატორული საკითხების მოწესრიგებაში მხარდაჭერას და კოორდინირებას.
