ბიზნესის წარმოება საქართველოში: გზამკვლევი უცხოელი ინვესტორების და კომპანიებისთვის

საქართველოში ბიზნესის დაწყების შედარებითი სიმარტივე უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. თუმცა ბაზარზე წარმატებით შესასვლელად მხოლოდ კომპანიის რეგისტრაცია საკმარისი არ არის.

სწორად დაგეგმილი სამეწარმეო საქმიანობა და განსახორციელებელი ინვესტიცია უნდა ითვალისწინებდეს კორპორაციულ სტრუქტურას, გადასახადებს, სახელშეკრულებო ურთიერთობებს, თანამშრომლების შრომით უფლებებს და ვალდებულებებს, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებთან კომუნიკაციას და კოორდინაციას, ლიცენზიებს და ნებართვებს და სხვა რეგულატორულ საკითხებს.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საინვესტიციო კანონმდებლობა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს ითვალისწინებს.

როგორ შეიძლება უცხოური ბიზნესი შემოვიდეს საქართველოში?

ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია:

  • საქართველოში კომპანიის დაფუძნება;
  • უცხოური კომპანიის ფილიალის რეგისტრაცია;
  • არსებული ქართული კომპანიის ან ბიზნესის შეძენა;
  • ერთობლივი საწარმოს შექმნა ადგილობრივ პარტნიორთან.

სწორი ფორმის და სტრუქტურის არჩევისას უნდა შეფასდეს ბიზნესის საქმიანობის სამართლებრივი ფორმები, პასუხისმგებლობა, კაპიტალის მოცულობა, ფინანსური ნაკადები, შრომითი და სახელშეკრულებო ურთიერთობები და სამომავლოდ, ბიზნესიდან გასვლის სტრატეგიები.

საჭიროა თუ არა ქართველი პარტნიორი ან დირექტორი?

როგორც წესი, უცხოელი ინვესტორი შეიძლება ფლობდეს კომპანიის 100%-ს საქართველოში და უცხოეთის მოქალაქე შეიძლება იყოს ასევე მისი დირექტორიც. შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად და განსახორციელებლად, პარტნიორად ან დირექტორად საქართველოს მოქალაქის მოწვევა ან დანიშვნა აუცილებელი საკანონმდებლო მოთხოვნა არ არის.  თუმცა კონკრეტული სექტორის და საქმიანობის მიმართულებების შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს ლიცენზირების, ნებართვის, მიწის საკუთრების ან სხვა სპეციალური შეზღუდვა, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს უცხოელმა ინვესტორმა საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის დაწყების წინ.

რომელი უმჯობესია, საქმიანობის განხორციელება ქართული კომპანიით თუ უცხოური კომპანიის ფილიალით?

ეს არჩევანი ხშირად მხოლოდ რეგისტრაციის საკითხი ჰგონიათ, თუმცა განსხვავება გაცილებით ფართოა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია ქართული იურიდიული პირია. ფილიალი კი უცხოური კომპანიის წარმომადგენლობა, რომელსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი. აქედან გამომდინარე, ამ არჩევანმა შეიძლება გავლენა იქონიოს:

  • პარტნიორთა პასუხისმგებლობაზე;
  • სახელშეკრულებო ურთიერთობებსა და კონტრაქტებზე;
  • საგადასახადო რეჟიმზე;
  • ფინანსურ ანგარიშგებაზე;
  • ბანკებთან ურთიერთობაზე;
  • მშობელი კომპანიის სამართლებრივ და ფინანსურ რისკზე.

ამიტომ ოპტიმალური ფორმა კონკრეტული პროექტის და საინვესტიციო თუ ბიზნეს საქმიანობის მიზნების და გეგმების მიხედვით უნდა შეირჩეს.

რა გადასახადებს უნდა ელოდეს უცხოელი ინვესტორი?

ქართული კომპანიისთვის ერთ-ერთი ძირითადი გადასახადია მოგების გადასახადი, რომლის სტანდარტული განაკვეთი შეადგენს 15%-ს. თუმცა, საქართველოს საგადასახადო რეჟიმის სპეციფიკაა, რომ ჩვეულებრივ ბიზნესში მოგების გადასახადის წარმოშობა ძირითადად მოგების განაწილებას, დივიდენდის გაცემას და მასთან გათანაბრებულ ოპერაციებს უკავშირდება.

სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული გადასახადი არის დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), რომლის სტანდარტული განაკვეთია 18%.

კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ასევე შემდეგი საკიტხების გათვალისწინება:

  • დივიდენდის დაბეგვრა;
  • გადახდის წყაროსთან გადასახადი;
  • ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება;
  • მუდმივი დაწესებულება;
  • სპეციალური საგადასახადო სტატუსები.

შეუძლია თუ არა უცხოურ კომპანიას საქართველოში უძრავი ქონების შეძენა?

ზოგადი წესის თანახმად, უცხოურ კომპანიას საქართველოში შეუძლია შეიძინოს საცხოვრებელი, კომერციული და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მხონე უძრავი ქონება.

რაც შეეხება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური შეზღუდვები, მათ შორის უცხოური კონტროლის მქონე ქართული კომპანიების მიმართ.

შეუძლია უცხოელ ინვესტორს დივიდენდის ან მოგების საზღვარგარეთ გადარიცხვა?

კანონიერად მიღებული თანხის ან დივიდენდის საერთაშორისო გადარიცხვა თავისთავად აკრძალული არ არის, თუმცა გადახდამდე უნდა შეფასდეს:

  • კორპორაციული გადაწყვეტილება;
  • საგადასახადო შედეგი;
  • გადახდის წყაროსთან გადასახადი;
  • ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება;
  • ბანკის AML/KYC მოთხოვნები.

რა უნდა ვიცოდეთ უცხოელი თანამშრომლების დასაქმების შესახებ?

2026 წლიდან ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

უცხოელის საქართველოში კანონიერად ყოფნა ავტომატურად არ უდრის მუშაობის უფლებას. სამუშაო და თვითდასაქმებული საქმიანობა უკვე ცალკე შრომითი მიგრაციის რეჟიმით რეგულირდება. საქართველოს კანონმდებლობაც პირდაპირ მიუთითებს, რომ უცხოელის შრომითი საქმიანობა ხორციელდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 

ამიტომ ბიზნესის საქართველოში შემოსვლისას სასურველია წინასწარ გაირკვეს:

  • რომელი ქვეყნის მოქალაქე იქნება კომპანიის დირექტორი;
  • რომელი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან დასაქმებულები;
  • დასაქმებულები სამუშაოს შეასრულებენ საქართველოდან თუ დისტანციურად. 
  • ვინ საჭიროებს სამუშაო უფლებას;
  • საჭიროა თუ არა D1 ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.

რატომ არის საჭირო Legal Due Diligence საქართველოში ბიზნესის შეძენისას?

იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი, საქართველოში უკვე მოქმედ კომპანიას ან აქტივს ყიდულობს, მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების შემოწმება საკმარისი არ არის და ასეთ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სულ მცირე შემდეგი საკითხები:

  • კომპანიის კორპორაციული სტრუქტურა და ისტორია;
  • საგადასახადო ვალდებულებები;
  • შრომითი ურთიერთობები და დავები;
  • მნიშვნელოვანი კონტრაქტები;
  • ლიცენზიები და ნებართვები;
  • სესხები და უზრუნველყოფა;
  • სასამართლო დავები;
  • ინტელექტუალური საკუთრება;
  • რეგულატორული შესაბამისობა.

BLP-ის რეკომენდაცია

ამ ყოველივეს გათვალისწინებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან უცხოური იურიდიული პირების მიერ საქართველოში ბიზნეს საქმიანობის სამართლებრივი დაგეგმვა და განხორციელება სასურველია მოხდეს ინვესტიციის განხორციელებამდე, ნებისმიერი პოტენციური სამართლებრივი რისკის პრევენციის და შეზღუდვის მიზნით.

Share your love